“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოდისეი ბიგვავამ, კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ვენესუელის მოვლენებთან დაკავშირებით და ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების მოლოდინზე.
„აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ მიიჩნევს“, – აცხადებს ბიგვავა.
„ძირითადი ყურადღება ეთმობა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებას, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას, უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიპლომატიური კონტაქტების გაფართოებას. რუსეთის ფედერაციისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერა ხელს უწყობს აფხაზეთში სტაბილურობისა და განვითარების განმტკიცებას, მისი ხალხის ნების ჩანაცვლების გარეშე”, – განაცხადა ბიგვავამ.
მანვე აღნიშნა, რომ „არაღიარების პოლიტიკის“ შესახებ განცხადებებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ხელს არ უწყობს რეგიონში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას.
“ამავდროულად, ჩვენ ვინარჩუნებთ მზაობას, ყურადღებით და პასუხისმგებლობით ვუპასუხოთ ნებისმიერ სიგნალს, რომელიც მიუთითებს რეგიონული პოლიტიკისადმი უფრო პრაგმატული და რეალისტური მიდგომის სურვილზე. აფხაზეთის რესპუბლიკა ადასტურებს თავის ერთგულებას მშვიდობიანი თანაარსებობის, კეთილმეზობლობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპების მიმართ. ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის, საქართველოსთან, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ობიექტურად დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარების პრინციპების დაცვით“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა, პოსტში ნათქვამი იყო, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს, რაც ვენესუელაში ხდება, იმ იმედით, რომ „შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განვითარდება“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, – ნათქვამია საგარეო უწყების გამოხმაურებაში.
ვენესუელა, რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ნაურუსთან და სირიასთან ერთად, აღიარებს “აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას”. 2009 წელს უგო ჩავესის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე ძალაშია. არც სირიას შეუცვლია გადაწყვეტილება ხელისუფლების შეცვლისა და თბილისის მოწოდებების მიუხედავად.



































































