პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას სომხეთის პრემიერ მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის ხელახლა დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მანამდე საპარლამენტო უმრავლესობამ სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტის მანდატის დაწყების შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ ნიშნავს. სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას კონსტიტუციის 149 -ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
ცნობისთვის, 28 ივნისს სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 ივნისს ქვეყანაში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა.
ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ამომრჩეველთა ხმების 53.91% მიიღო, რომელსაც პარლამენტში 71 მანდატი აქვს.
ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკმა „სომხეთმა“ ამომრჩეველთა ხმების 21.09% , რომელმაც 29 მანდატი მიიღო, ხოლო საარჩევნო ბლოკმა „მაქვს პატივი“ – 5.22% , რომელსაც 7 მანდატი აქვს
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე არ დააკმაყოფილა სამი პარტიის სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
[sexy_author_bio]