სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. ადგილობრივი მედიის news.am ცნობით, გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ მოიპოვა.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რიგგარეშე არჩევნების შედეგების დათვლა უკვე დაასრულა. ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53.92 % მიიღო.
მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიან საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 21.04%-მა დაუჭირა. მესამე ადგილს კი კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის საარჩევნო ბლოკი „მე მაქვს პატივი“ იკავებს, რომელმაც 5.23% მიიღო, ხოლო პარტიამ “აყვავებული სომხეთი” 3.96% მიიღო.
არჩევნებში გამარჯვებას უკვე გამოეხმაურა თავად ფაშინიანი, რომელმაც FACEBOOK– ზე დაწერა, რომ მის პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება და ჩამოაყალიბებს მთავრობას.
„ამრიგად, წინასწარი შედეგების თანახმად, ახლადარჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა (სულ მცირე, 71 დეპუტატი) ექნება და ჩემი ხელმძღვანელობით შექმნის მთავრობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 49.4% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა მილიონ ორასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.
არჩევნები 20 ივნისს ჩატარდა. პარლამენტში შესასვლელად, პარტიებმა ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ, ბლოკებმა კი – 7%.
ავტორი: მერაბ ცაავა