aljazeera-ს ინფორმაციით, განახლებული სასაზღვრო შეტაკებები დაიწყო სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის.
პარასკევს დილით, “აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტა სოტკის მიმართულებით (სახელმწიფო საზღვრის აღმოსავლეთი ნაწილი) უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით”, – ნათქვამია ერევნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მისი თქმით, „სომხური შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა“, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
news.az-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბასარკეჩარის რაიონის ზოდის მიმართულებით გამოიყენეს თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით.
სომხური მხარე კიდევ ერთხელ ამძაფრებს სიტუაციას მორიგი პროვოკაციით, _ განაცხადეს სამინისტროში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურეებსა და აღჭურვილობას შორის დანაკარგი არ არის.