სოფელ დაბაში, ძლიერი ქარის გამო, ხანძარი გაძლიერდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით ცეცხლი ახლოს მდებარე ტყის მასივს მოედო და არის საშიშროება, რომ წიწვოვანი ხეები დაიწვას.
ის ტერიტორია, სადაც ხანძრის კერებია, მიუვალი ადგილია. შესაბამისად, ტექნიკა ვერ ახერხებს უშუალოდ შემთხვევის ადგილამდე მისვლას.
აღსანიშნავია, რომ ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანების და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს, _ ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, როგორც კი რეკომენდაცია იქნება, ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვება.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა.
უწყების ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გაძლიერდა, ამ დროისთვის, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ არის.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სახანძრო სამუშაოებს ართულებს გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება გამო, რაც ხელს უშლის მაშველებს ხილვადობაში.
საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, რის შედეგადაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები უკვე ადგილზეა.
მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები.
დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე დარჩებიან.
ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული.