ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, რომელიც მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა, ოფიციალურად გაიხსნა.
აკადემიის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მთავრობამ აიღო საკუთარ თავზე, ხოლო უშუალოდ საფეხბურთო ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფედერაციამ დააფინანსა.
გახსნის ცერემონია, თითქოს, პომპეზური გასაგები მიზეზების გამო არ ყოფილა, მაგრამ სტუმართა სიმრავლე მაინც საგრძნობი იყო.
ფეხბურთის ფედერაციის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი გვიმბალაურში ჩამოვიდა. აქტიური და დაძაბული წინასაარჩევნო რეჟიმის მიუხედავად გახსნისთვის მოიცალა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, რომელსაც თან ახლდნენ _ გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.
სტუმრებს ადგილზე დახვდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და მუნიციპალიტეტის პირველი პირები _ მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე, რომლებმაც გაჭრეს კიდევაც სიმბოლური ლენტი.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ცერემონიაში გასაგები მიზეზების გამო მონაწილეობა არ მიუღია რეგიონის სახელისუფლებო კანდიდატს ვასილ ჩიგოგიძეს, რომელიც მართალია კი იმყოფებოდა გვიმბალაურში, მაგრამ მოვლენების ეპიცენტრიდან მხოლოდ შორე-ახლო ყოფნით დაკმაყოფილდა.
შემდგომ საპატიო სტუმრებმა მინდვრის საფარზე გადაინაცვლეს, იქ შეკრებილ აკადემიის პირველ აღსაზრდელებს და მათ მწვრთნელებს სათითაოდ მიესალმნენ და მომავალი წარმატებები უსურვეს. ბოლოს კი, უშუალოდ სასწავლო კორპუსი მოინახულეს, სადაც პატარა ფეხბურთელების სწავლა-განათლებისთვის და ვარჯიშისთვის ყველა პირობა არის შექმნილი.
ამ ეტაპზე აკადემიაში სწავლას და ვარჯიშს შეუდგა ერთი ასაკობრივი ჯგუფი, რომლის კონტინგენტი რამდენიმე დღის წინ სპეციალური შერჩევის შედეგად შეირჩა და მასში გურიის მხარის 2006-2007 წლებში დაბადებული ყველა პერსპექტიული ბავშვი მოხვდა. მართალია აკადემიაში სულ ორი ასაკობრივი ჯგუფის შექმნა იგეგმება, მაგრამ საწყის ეტაპზე მხოლოდ ერთის შექმნა მოხერხდა.
ამ პოზიტიური ინფორმაციის ფონზე გავარკვიეთ, რომ მშენებლობაზე მომუშავე რამდენიმე ადამიანს დაპირებული ხელფასები არ მისცეს და ისინი ამ ფაქტს ადგილზე აპროტესტებდნენ.
როგორც მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან გასაუბრებისას გაირკვა, მუნიციპალიტეტი ამ ფაქტთან კავშირში საერთოდ არ არის, მაგრამ მაინც ცდილობს საქმის გარკვევას.
„ვინაიდან ამ ადამიანებს არავითარი ხელშეკრულება მშენებარე ფირმასთან არ გააჩნია, ძნელია სიმართლის დადგენა, მაგრამ მაინც ცდას არ ვაკლებთ, ეს დავალიანება (12 ათასი ლარი) დროულად დაიფაროს“, _ ამბობს მუნიციპალიტეტის მერი.