ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს შუა საუკუნის ტაძარმა დღეს ახალი სიცოცხლე შეიძინა.
გიორგობას, სოფელ დვაბზუში შუა საუკუნის ტაძარში წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა აღავლინა.
სოფელში ერთ ეზოში ორ ტაძარია. ერთში წირვა-ლოცვა ყოველ შაბათ-კვირას და სადღესასწაულ დღეებში აღევლინება. ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა, რაც შეეხება მეორე ეკლესიას, ისიც წმინდა გიორგის სახელობის არის. ეს ტაძარი აღდგენილია ადგილობრივი მოსახლეობის და ბიზნესმენების ჩართულობით. ტაძარს ქუთაისელმა მაკა ბრეგაძემ წმინდა გიორგის ხატი შესწირა.
ადგილობრივთა ნაწილი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ტაძარი გაცილებით ადრინდელ დროს განეკუთვნება.
მათივე თქმით, ვარაუდის საფუძველს მათ დვაბზუს წმინდა გიორგის ტაძრის შესახებ არსებული ლეგენდა აძლევთ.
ლეგენდის თანახმად, ამ ტაძარში ხანდახან წმინდა გიორგი წირავდა და წირვის შემდეგ ღარიბ მოსახლეობას საკვებით ეხმარებოდა.
ვიკიპედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდის თანახმად, დვაბზუს მეზობელ სოფელ მელექედურში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც ინახებოდა წმინდა გიორგის ორი ერთნაირი ხატი. მღვდელს ხატები გამუდმებით იატაკზე დაყრილი ხვდებოდა. მას სიზმარში წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, რომ ორი ხატი ერთ ტაძარში ვერ მოისვენებდა და დაავალა, შეება ერთი უღელი ხარი, დაესვენებინა ზედ ერთი ხატი და გაეშვა. სადაც ურმის ღერძს ცეცხლი გაუჩნდებოდა, იქ აეგოთ ახალი ტაძარი. ასე აშენდა ტაძარი სოფელ დვაბზუში.
ავტორი