სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში – „საქართველოში რიგი სოციალური საცხოვრისების, თავშესაფრებისა და მსგავსი დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომი ანგარიში“ ქვეყანაში სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების ფაქტობრივ მდგომარეობას აფასებს ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში.
ანგარიში 2025 წელს განხორციელებულ მონიტორინგს ეფუძნება და 12 მუნიციპალიტეტში მდებარე 18 სოციალური საცხოვრისის, მსგავსი დაწესებულებისა და თავშესაფრის შეფასებას მოიცავს. ანგარიშის ფარგლებში დაწესებულებები შეფასებულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: უსაფრთხოება, ვარგისიანობა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, კლიმატური პირობებისგან დაცვა, საცხოვრებელი სივრცის საკმარისობა, საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სერვისის მენეჯმენტი და ბენეფიციართა სამართლებრივი გარანტიები.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კვლავ არ არსებობს სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების მოწყობის ერთიანი სამართლებრივი და სტანდარტიზებული ჩარჩო, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სათანადო საცხოვრებლის უფლების ეფექტიან რეალიზაციას.
მონიტორინგის შედეგად საცხოვრისების ნაწილში გამოიკვეთა არაერთი სერიოზული გამოწვევა. მათ შორის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ შენობებში ადამიანების ხანგრძლივი ცხოვრება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სერიოზული დარღვევები, კლიმატური პირობებისგან დაუცველი საცხოვრებელი გარემო, საცხოვრებელი სივრცის სიმცირე, სერვისისა თუ მენეჯმენტის არარსებობა და სხვა.
აღნიშნული გამოწვევების პარალელურად, ანგარიშში წარმოდგენილია დადებითი მაგალითები, სადაც სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების პირობები ძირითადად შეესაბამება სათანადო საცხოვრებლის საერთაშორისო სტანდარტებს.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მერიაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლებად შეიძლება შეფასდეს. სარდაფში დგება წყალი, რომელსაც მაცხოვრებლები საკუთარი ძალით ტუმბავენ. სარდაფი ასევე დანაგვიანებულია. წყლის დონე განსაკუთრებით წვიმის დროს იწევს. სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია ქ. ოზურგეთში, ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისშიც. აღნიშნული დასტურდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციითაც. 43 პირველ სართულზე არსებული სარდაფები სველდება, არის ნესტის სერიოზული დონე. აგრეთვე, ნარჩენები და ანტისანიტარია. სახალხო დამცველისთვის გაგზავნილ კორესპონდენციაში მერიამ განმარტა, რომ გარკვეულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრისის სარდაფი. მოწოდებული ინფორმაციით, ნაწილობრივ მოწესრიგდა კანალიზაციის სისტემა, თუმცა სრული რეაბილიტაციის საკითხი კვლავ განხილვაშია“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფ. მერიის საცხოვრებლის ერთ-ერთი პრობლემა გარე პერიმეტრის უკავშირდება. კერძოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის რეკრეაციული სივრცე, მართალია, ამ ეტაპზე არ შეინიშნება დიდი ბალახი, თუმცა საკმაოდ დიდი ტერიტორია არის მოუვლელი. ქ. ოზურგეთში, ჟღენტის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორია არ არის სრულად მოასფალტებული. ეს კი მაცხოვრებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პრობლემას უქმნის გადაადგილების სირთულის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირებს. ამასთან, წვიმის დროს გარე პერიმეტრზე დგება წყალი, რაც ზოგადად, სერიოზულად ართულებს გადაადგილებას“.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია: https://tinyurl.com/46jrpyn3





























































