ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭალაში დღეს დილიდან საზეიმო წირვა-ლოცვაზე შეიკრიბა სოფლის მცხოვრებლები და სტუმრები.
დღეს, XIX საუკუნეში აგებულმა ტაძარმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. აქამდე მხოლოდ შემორჩენილი მხოლოდ ცოკოლი, დასავლეთის კედელი და იატაკის ფილები, ასევე სამრეკლო.
ჭალის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებული იყო ნატეხი ქვით, მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე. შენობას ჰქონდა გარეთ გაზიდული ნახევარწრიული აბსიდი. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა.
გადმოცემული ინფორმაციით, კარი თაღოვანია. ტიმპანზე რელიეფია მოცემული. ამავე კედელზე, შესასვლელის სიმეტრიულად მიდგმულია ბაზალტის კარგად გათლილი კვადრებით ნაგები სამრეკლო. ის სამსართულიანია. თითოეული სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღოვანი ფანჩატურია. ყოველი მომდევნო სართული მოცულობებში მცირდება. სამრეკლო თუნუქის წაწვეტებული სახურავით მთავრდება. პირველი სართულის სვეტები მასიურ, სწორკუთხა ბაზისებზეა აღმართული.
თითოეული სვეტი კაპიტელებით ბოლოვდება, რომლებსაც ეყრდნობა სართულის თაღები. სამრეკლოს სვეტები სხვადასხვა სახის დეკორატიული დეტალებითაა შემკული. სამრეკლოს ნაგებობა საქართველოსთვის იშვიათობას წარმოადგენს, ის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოში უცხო სტილის შემოტანის მცდელობისა. 1828 წლისთვის სამრევლოში 40 კომლი შედიოდა. წმინდა მიქაელის საყდარი 1920-იან წლებში დაანგრიეს. ნაეკლესიარს და სამრეკლოს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.
ჭალის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში არის შეტანილი. ეკლესიის აღდგენა და მშენებლობა ფონდი „ქართუს“ ფინანსებით მოხდა.
საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ტაძრის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტაძრის მოძღვარი მამა ილია (ჩხატარაშვილი) იქნება.
ავტორი