ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარს, ისევე როგორც ყველა სოფელს, თავისი პრობლემები აქვს.
_მუნიციპალიტეტში ყველაზე მივიწყებული ვართ. წყალი სამარადისო პრობლემაა, შიდა გზებზე, მოსაღამოვდება თუ არა, ფანარი თუ არ დაიკავე ხელში, კისერს მოიტეხ ორმოებში. რახანია, ამ გზების გაკეთებას გვპირდებიან. საბავშვო ბაღის შენობა, რაც დაიწვა თუ დაწვეს, მას შემდეგ კი დგას სოფლის ცენტრში ჩამოტყაული. გზის პირას მდგარი უმოქმედო შენობები ნაგვითაა ავსებული….. რომელ ერთზე გიამბოთ? _ გვწერენ ნაგომრიდან.
„გურია ნიუსი“ ნაგომარს ეწვია.
ამ ულამაზეს, ისტორიული სოფლის შესასვლელში, ყველა სულიერზე ადრე, გზად „ასფალტის დაფა“ გეგებება, ახალგაზრდების რომანტიული განწყობის, ყოვლის მძლევი სიყვარულის გამოხატულებით სავსე წარწერებით: „შენ ჩემიდან არსად გაგიშვებ“; „მღვრიე თვალებით ვიყურები და როგორ გითხრა..ჩემი გული რისი მსგავსია“…
_პრობლემები არის, თუმცა თითოეულის გადასაჭრელად ვმუშაობთ. საპროექტო სამუშაოები დაწყებულია როგორც წყალზე, ასევე საბავშვო ბაღის გასაკეთებლად. შიდა გზებზე მალე აიგება ნახევარ კილომეტრამდე ბეტონის გზა, _ ეს მოხდება იქ, სადაც გაუვალი ადგილებია. სოფელს ირგვლივ ასფალტირებული გზა წრიულად აკრავს. სულ 180 ლამპიონი დგას. გადამწვარი ნათურები აღრიცხულია და მალე შევცვლით. კულტურის სახლის სრულ რეაბილიტაციაზე, კულტურის სამინისტრო მუშაობს. ასე რომ, პრობლემების გადაჭრას ყველანაირად ვცდილობთ, – გვთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მიხეილ ცქიტიშვილმა.
მალე ვრცლად „გურია ნიუსში“ ნაგომრის შესახებ გიამბობთ.
ავტორი