სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 11.9 პროცენტით შემცირდა,_ აღნიშნულ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9.6 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
მონაცემებში აღნიშნულია, რომ წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 5.2 პროცენტით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 31.2 პროცენტიანი კლებით, რაც -7.6 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ინფორმაციისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით. ინდექსი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს: • ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, კარტოფილი და სხვ.); • მრავალწლოვანი კულტურები (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვ.); • ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.).
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსის სტრუქტურა შეესაბამება საქმიანობის სახეობათა მიხედვით პროდუქციის სტატისტიკური კლასიფიკატორის (CPA 2008) ევროპულ სტანდარტს. CPA-ის შესაბამისად მოცულია A-სექციის (სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის პროდუქცია) 01.1, 01.2 და 01.4 ჯგუფები. ინდექსის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების წყაროა სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგად მიიღება მონაცემები ქვეყნის მასშტაბით პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობის, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების, საშუალო წველადობის, პირუტყვის საშუალო ნამატის, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი და აღებული ფართობების, წარმოებისა და საშუალო მოსავლიანობის შესახებ, მრავალწლოვანი კულტურების წარმოების, ასევე ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების რეალიზაციის შესახებ.
ინდექსის გაანგარიშებისათვის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთეულების ღირებულება წარმოადგენს მითითებულ პერიოდში სასოფლო მეურნეობათა მიერ რეალიზებული მემცენარეობის ან/და მეცხოველეობის პროდუქციის ჯამური ღირებულებისა და რეალიზაციის ჯამური მოცულობის ფარდობას. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საშუალო ღირებულებას ფერმის კართან.