ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მზად არის, ნათია კაპანაძეს შეხვდეს და კომიტეტის სხდომის ფარგლებში მისი გადაყენების საკითხი განიხილოს.
როგორც კილაძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ აჭარის ტელევიზიაში ფინანსურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საფუძველი გახდა. თუმცა, თუ კონკრეტული ფაქტებით დადასტურდება, რომ ნათია კაპანაძის გადაყენებას პოლიტიკური სარჩული აქვს, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„მედიის თავისუფლება დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტური პრიორიტეტია. თუმცა არსებობს მეორე მხარე, თუ რაიმე დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ამ დარღვევებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ამ საქმეს სიღრმისეულად არ ვიცნობ.
ჩემი ინფორმაციით, გადაყენება მოხდა იმიტომ, რომ გარკვეული ფინანსური დარღვევები არსებობდა. მობრძანდნენ ტელევიზიის წარმომადგენლები, ასევე ნათია კაპანაძე, ერთად გავიაროთ ეს საკითხი და თუ რაიმე დამადასტურებელი ფაქტი იქნება, რომ ეს პროცესი ვინმესგან იმართება და პოლიტიკური სარჩული უდევს ამ ყველაფერს, ამაზე რეაგირება გვექნება“, _ აღნიშნა სოფო კილაძემ.