კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად გატარებული 14 წლის შემდეგ, ილია მეორესთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი საპატრიარქოს ტოვებს. საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი მიდის და წასვლის მიზეზებს “პოსტსკრიპტუმთან” განმარტავს.
ოხანაშვილი ამბობს, რომ ის უსამართლობას და სიმართლისთვის ბრძოლას შეეწირა.
მისივე თქმით, დაპირისპირება საპატრიარქოში, რომელზეც უკვე ორი კვირაა მთელი საქართველო ლაპარაკობს, ახლა არ დაწყებულა და შიდა ბრძოლა გარე ძალების წახალისებით უკვე წლებია მიდის.
“ეს არის სპეცოპერაცია ეკლესიის გასანადგურებლად.” _ ამბობს ოხანაშვილი.
სოსო ოხანაშვილი პოსტსკრიპტუმს უყვება, რომ სწორედ მან უთხრა გერმანიაში მყოფ უწმინდესს მამა გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ.
ამის შემდეგ, რამდენიმე სასულიერი პირმა, კლინიკაში მყოფ პატრიარქს მამა გიორგი მამალაძის დაკავების სხვადასხვა ვერსია უამბო. ეუბნებოდნენ, რომ დეკანოზი გერმანიაში მის მოსაკლავად მიდიოდა და უმძიმეს დანაშაულში მამა გიორგის თანამზრახველი პატრიარქის დაცვის უფროსი იყო. პატრიარქს მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ უამბობდნენ მაშინ, როდესაც საქართველოს მთავარ პროკურატურას დაკავებული მამა გიორგი მამალაძისთვის ბრალი სულ სხვა პირის შესაძლო მოწამვლის საქმეზე ჰქონდა წაყენებული.
ოხანაშვილი ამბობს, რომ სათქმელი კიდევ ბევრი აქვს, მათ შორის იმაზე უფრო სკანდალური, ვიდრე დღემდე საზოგადოებას სმენია.