სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ 100 დევნილს საცხოვრებელი ფართის ქირისა და ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა. სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოს ვიცე-პრემიერი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
დევნილთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივად ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად, 2016 წელს, გასულ წლებთან შედარებით, პროფესიულ სასწავლებლებში 54%-ით მეტი დევნილი ჩაირიცხა.
დევნილი სტუდენტები ხის მხატვრული დამუშავების, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის, მკერავის, სტილისტის, ძრავის შემკეთებლის, ოფისის მენეჯერის, სავალი ნაწილების ტექნიკოსისა და მზარეულის სპეციალობებს ეუფლებიან. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება კურსადამთავრებულების დასაქმებას უწყობს ხელს.
2016 წელს პროგრამაში ჩართვა მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს შეეძლოთ. თუმცა, ცვლილებების შედეგად, 2017 წლიდან სააგენტო ტრანსპორტირების ხარჯებს ყველა იმ დევნილს დაუფანანსებს, ვინც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი გახდება. 2017 წელს, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, მინიმუმ 200 დევნილი სტუდენტი დაფინანსდება. (R)