“როდესაც ყოველ ჯერზე გვაქვს 20%-იანი ცდომილება ორი კვირის წინ ჩატარებულ კვლევასა და ორი კვირის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის, მართლა ძალიან მიჭირს ამაზე სერიოზული კომენტარები გავაკეთო”, _ ასე გამოეხმაურა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის ნაწილიც გუშინ გახდა ცნობილი.
სოზარ სუბარმა IRI-ის წინა კვლევის მონაცემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ IRI-ის წინა კვლევის თანახმად, „ქართული ოცნებას“ ჰქონდა 20%, „ნაციონალური მოძრაობას“ – 19% და „თავისუფალ დემოკრატებს“ – 13%.
„ეს იყო სამი პარტია, რომელსაც ბარიერი უნდა გადაელახა. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თითქმის თანაბარი წარმომადგენლობა უნდა ჰყოლოდა პარლამენტში, თუმცა ვიცით შედეგი – „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, „თავისუფალ დემოკრატებზე“ აღარ ვილაპარაკებ, ბარიერი სულ სხვა პარტიამ გადალახა. მე ხშირად ვამბობ ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სიმართლით და ახლაც იმავეს გავიმეორებ, მზად ვარ, რომ სერიოზული კომენტარები გავაკეთო ნებისმიერ კვლევაზე, რომლის შედეგებიც რეალურ შედეგს 20%-ზე მეტად არ ასცდება, _განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს ასეთივე მხარდაჭერა ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც წელს გაიმართება. “ჯერ არ მახსოვს, რამე კვლევის შედეგები, ჩვენი შიდა კვლევების გარდა, რომელიც მეტნაკლებად ასახავდეს რეალობას’, – დასძინა სუბარმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი ცნობილია. კითხვაზე – ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება“ 26 %, „ნაციონალური მოძრაობა“ -15%, „ევროპული საქართველო“ – 7%, „ლეიბორისტული პარტია“ – 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%, არცერთი – 15%, არ მაქვს პასუხი 20 %.
პოლიტიკოსთა რეიტინგში პრეზიდენტი მარგველაშვილი ლიდერობს 67%-ით. მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა (65%), პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 55%-ით კი მესამე ადგილზეა. გამოკითხვის შედეგები 3 აპრილს გამოქვეყნდება.