“ხვალ ოზურგეთში პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები ჩამოდიან და იმ ადამიანებს შეხვდებიან, რომლებიც მერაბ ჭანუყვაძის გადადგომის გამო განაწყენდნენ”, _ ამის შესახებ სქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჭანუყვაძემ წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო:
_ ხვალ, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები ჩამოდიან, რომლებიც ყველა იმ ადამიანს შეხვდება, რომლებსაც კითხვები აქვთ. შეხვდებიან მთლიანად პარტიის აქტივს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, _ აღნიშნა სოზარ სუბარმა.
_ ბატონო სოზარ, თქვენ არ გაქვთ კითხვები, როცა აქტიურ თანამებრძოლს, ადამიანს, რომელიც “ქართულ ოცნებას” დაფუძნების დღიდან გვერდით ედგა; რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხელისუფლებაში დღეს მყოფი ზოგიერთი პირი “ნაციონალურ მოძრაობას” ადიდებდნენ ოპოზიციაში იყო და ამას ხმამაღლა აფიქსირებდა და რომელსაც გურულები ძალიან დიდი პატივს სცემენ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სახლში უშვებენ?
_ მერაბ ჭანუყვაძემ საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.
_ თქვენი ეს განცხადება არადამაჯერებელია, თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება ადამიანმა ორშაბათს დატოვოს თანამდებობა და ნახევრ საათში ახალი გუბერნატორი წარადგინონ…
_ მერაბ ჭანუყვაძემ ჯერ კიდევ 20 დღის წინ გააკეთა განცხადება წასვლის შესახებ, მაგრამ მაშინ პრემიერის თხოვნა იყო, რომ დარჩენილიყო და იმის შემდეგ მიდიოდა ამაზე საუბრები.
_ პრემიერმა გვითხრა, რომ მერაბ ჭანუყვაძეს აწინაურებენ. კონკრეტულად, რა თანამდებობაზე გადაგყავთ, შეგიძლიათ, გვითხრათ?
_ ის გადადის თბილისში, ცენტრალურ ხელისუფლებაში. ზუსტი ადგილი ამ დროისთვის არ ვიცი, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ მერაბი რჩება ჩვენი გუნდის წევრად, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძე თანამდებობიდან ორშაბათს წავიდა, რის გამოც “ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა.
ჭანუყვაძის წასვლის გამო სოციალურ ქსელში ხელისუფლებას ასობით ადამიანი აკრიტიკებს და აღნიშნავენ, რომ მისი წასვლა დიდი შეცდომაა, რაც პარტიაზე აუცილებლად აისახება.