როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ეპიზოდს ეხება, ამჟამად კი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება.
„ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არის განხილვის საკითხი და არის პროცედურები. სპეკულაციები არ შეიძლება. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც ნათელი განცხადება გაავრცელა. მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა განცხადებები უნდა აკეთონ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ჩვენც ვართ, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ეს ვერ იქნება გათავისუფლების მიზეზი. სტრასბურგში საქმე ეხება პატიმრობის ეპიზოდს და ვანო მერაბიშვილი ამჟამად აღარ არის პატიმრობაში“, _ აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, უწყების ცნობით, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.