ქალაქ ოზურგეთში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მცხოვრები შუა ხნის მამაკაცი დ.ზ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პოლიციამ დღისით 3 საათზე აიყვანა.
როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, მოსახლეობა ძალიან შეშინდა აღნიშნული ფაქტის დროს, იყო ხმაური და გაურკვევლობა, თუმცა, დაკავებული პირი პოლიციამ 2 საათში სახლში დააბრუნა.
მეზობლების თქმით, დ.ზ. კარიერებზე მუშაობს. მას სახლში უკანონო იარაღი აღმოჩნდა.
ჩვენ დავუკავშირდით შსს საიდანაც მოგავწოდეს აღნიშნული ინფორმაცია: _ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ზ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში, დ.ზ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, „VIS WZ. 35“-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.