საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დღეს ჩოხატაურში იმყოფებოდა.
მინისტრმა ჩოხატაურის ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორია დაათვალიერა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად მის რეაბილიტაციაზე იმსჯელა.
შეხვედრაზე, რომელსაც გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს ხელმძღვანელები და შპს “სპორტმშენსერვისის” დირექტორი გერონტი ცინდელიანი ესწრებოდნენ, განიხილეს სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხები.
სპორტის სამინისტროს მხრიდან, გამოითქვა მზაობა, რომ ჩოხატაურის ყოფილი სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტირების პროცესი დაფინანსდეს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კომპლექსი დღეს მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მას დიდი პოტენციალი აქვს, როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტის მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ პროექტის მომზადების შემდეგ, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება, შედგება მსჯელობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების შესახებ და ამ პროცესში სპორტის სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული.