ფორმულამ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ჩათიდან ჩანაწერები მოიპოვა, რომელიც 2021 წლის 17-18 თებერვლით არის დათარიღებული – როდესაც ნაციონალური მოძრაობის იმდროინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების საკითხი წყდება.
ჩათში მიმოწერაა პოლიტსაბჭოს წევრებს შორის – მათ შორის არიან იმდროინდელი პრემიერი გიორგი გახარია, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და სხვები.
ჩანაწერების მიხედვით, 17 თებერვალს, 23:59 წუთზე გიორგი გახარია ჩათში ასაბუთებს, თუ რატომაა დაუშვებელი ნიკა მელიას დაკავება ნაციონალური მოძრაობის ოფისში დაუყოვნებლივ.
სქრინების თანახმად, პირველი, ვინც გიორგი გახარიას პოზიციას ეთანხმება, თეა წულუკიანიაა. გიორგი გახარიას პოზიციას ასევე იზიარებენ – მაკა ბოჭორიშვილი, სოზარ სუბარი, ნიკოლოზ სამხარაძე, თორნიკე რიჟვაძე, ვანო მაჭავარიანი.
გიორგი გახარია წერს:
“ამ პირობებში, ოპოზიციური პარტიის შენობის შტურმი უკიდურესად არაგონივრულია და გაუმართლებლად მაღალი რისკების მატარებელია. პოლიციას არ აქვს დახურულ შენობაში ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებს. დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ – ძალის გადამეტების ბევრი შემთხვევა გვექნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება ვერ იქნება შეფასებული პროპორციულ ქმედებად, რასაც მოჰყვება უკიდურესად მწვავე საერთაშორისო რეაქცია. ვთვლი, რომ ამ ვითარებაში მაღალია იმის ალბათობაც, რომ მელიას დაკავების ოპერაცია წარუმატებელი იქნება და შეიძლება ვერ მოხერხდეს მისი შენობიდან გამოყვანა იქ მყოფების დაზიანების გარეშე. დაკავების ოპერაციის არასწორად ჩატარების შემთხვევაში, მელიას გავხდით გმირად და მივცემთ პოლიტიკურ უპირატესობას, რომელიც დღეს ოპოზიციას უბრალოდ არ გააჩნია. ამავე დროს, არ არსებობს არანაირი აუცილებლობა მელიას დაკავება მოხდეს დაუყოვნებლივ – დღეს ან თუნდაც ხვალ. ვფიქრობ, ყველას გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა და გონივრულობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს გააზრებულად, რისკების სწორი მართვით და პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის დაცვით. ამ პოზიციას გამოვხატავ, როგორც პრემიერმინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებზე, შესაბამისად, დაკავება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რისკები იქნება სწორად გააზრებული და მინიმუმამდე დაყვანილი”.
სქრინები ფორმულამ მას შემდეგ მოიპოვა, რაც დღეს ყოფილმა პრემიერმა და გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძებო კომისიაზე ნიკა მელიას დაკავებასა და მისი გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა.
ვრცლად: ფორმულა