“ქალაქ ზუგდიდში არსებობს ზვიად გამსახურდიას გამზირი და ამ ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრს არ გადარქმევია საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი”, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსი, გუგა ლაგვილავა.
ინფორმაციისთვის, “გამსახურდია უნდა დააკნინონ, როგორც ეს უკვე მოხდა და დღესაც ხდება “პეკინის” ქუჩის შემთხვევაში. აბა, ხომ უნდა აამონ ამა ქვეყნის ძლიერთ და მდიდართ”, _ ქუჩებისთვის სახელების გადარქმევის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც გამსახურდია წერს, ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩას ნარმანიას სახელი მიენიჭა.
გუგა ლაგვილავას თქმით, გამზირის პარალელურად არსებობს კიდევ ზვიად გამსახურდიას ქუჩა.
“ასევე, ქალაქ ზუგდიდში, ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ატარებს კონსტანტინე გამსახურდიას სახელს და არც ამ ქუჩაზე მომხდარა რამე მსგავსი ფაქტი. რაც შეეხება ზურაბ ნარმანიას ქუჩას, ეს ქუჩა მართლაც არსებობს ქალაქში და არსებობს 2003 წლიდან. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”.