საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვარძიის კომპლექსთან დაკავშირებით ტელეკომპანია “მთავარმა” ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.
“მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარმა” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესახებ კიდევ ერთი ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, კერძოდ, ტელევიზიის ეთერით ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსთან დაკავშირებით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ითქვა, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ყურადღებას არ აქცევენ და მას შეგნებულად აზიანებენ. სიუჟეტში აღინიშნა, რომ „კულტურის სამინისტრომ იტალიელი ექსპერტებისა და UNESCO-ს კათედრის ხელმძღვანელის, ავტორიტეტული ექსპერტის, კლაუდიო მარგოტინის შეფასება არ გაითვალისწინა და უფრო მეტიც -იტალიელ გეოლოგთა ჯგუფისთვის ვარძიის კომპლექსი სრულიად ჩაკეტა”, რაც სრული სიცრუეა.
სინამდვილეში კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არათუ არ შეუწყვეტიათ ურთიერთობა იტალიელ ექსპერტებთან, არამედ მათთან კოორდინაციით დღესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის კრიტიკული უბნების გამაგრება-სტაბილიზაცია, რის შესახებაც სააგენტომ საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს ვარძიის სამონასტრო კომპლექსის შესახებ გავრცელებული განცხადების მეშვეობით მიაწოდა (განცხადების ბმული იხილეთ აქ: https://www.facebook.com/photo?fbid=483735683791189&set=a.296929672471792).
ამჟამად დასრულების ეტაპზეა ტელეკომპანია „მთავარის” სიუჟეტში ნახსენები იტალიელი სპეციალისტის, სრული პროფესორის, ინჟინერ-გეოლოგ კლაუდიო მარგოტინის პროექტის შესაბამისად მიმდინარე ვარძიის კლდის დაზიანებული მონაკვეთების გამაგრება-სტაბილიზაციის სამუშაოები ანკერირება/ინექტირების მეთოდით სამ კრიტიკულ უბანზე (არეალი С, არეალი E და არეალი F). მეტიც – მიმდინარე წლის 8 ივლისს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა კლაუდიო მარგოტინსა და კულტურული მამკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის და ამ შეხვედრაზე, იტალიელი ექსპერტის რეკომენდაციების საფუძველზე, ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსთან დაკავშირებით 2023 წლის ერთობლივი სამოქმედო გეგმაც შემუშავდა, რომლის ფარგლებში ქართული და იტალიური მხარეების მჭიდრო თანამშრომლობით ძეგლზე პრევენციული სამუშაოები შესრულდება.
შესაბამისად, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია, თითქოს კულტურის სამინისტრომ ვარძია იტალიელი ექსპერტებისთვის სრულად ჩაკეტა და ძეგლის მოვლა-პატრონობისთვის არაფერს აკეთებს, სრული სიცრუეა. ის მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დისკრედიტაციას.
აღსანიშნავია ისიც, რომ სიუჟეტში რესპონდენტები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და მასალაც სწორედ მათზე დაყრდნობით მომზადდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის განსაკუთრებით დასანანია ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა”,_ ნათქვამია განცხადებაში.