სტიქიასთან დაკავშირებით დღეს ოზურგეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი იმყოფებოდა.
მინისტრის მოადგილემ გურიის მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, არჩილ თალაკვაძესთან, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ბეგლარ სიორიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები მოინახულა.
გრიგალმა ქალაქ ოზურგეთში საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვია. ძლიერმა ქარმა მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ასევე, დაზიანდა გაზმომარაგების მილსადენები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები.
ქალაქის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და ზარალის დათვლა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მიყენებული ზიანის ოდენობა დადგინდება, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყება.
ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი:
,,გუშინდელი სტიქიის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ასევე, ამოქმედდა ცხელი ხაზი. მოქალაქეები გვიკავშირდებიან და შემოაქვთ განცხადებები. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დაზიანებულია 250-მდე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სახურავი და 10-მდე კორპუსი. დღეს მინისტრის მოადგილე პირადად გაეცნო სტიქიის მძიმე შედეგებს, სამოქმედო გეგმა დავსახეთ და თანხების მობილიზების შემდგომ ერთობლივად დავიწყებთ სალიკვიდაციო სამუშაოებს”. (R)