ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება, _ ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბმა მორიგი სხდომა გამართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო.
როგორც ცნობილია, ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო.
„ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის, ათასზე მეტი სამხედრო, სპეციალური ტექნიკით შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცლის კერებს მიუახლოვდებიან, მათ ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ.
ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება. კვლავ აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შტაბის წევრებს სამოქმედო გეგმა განუსაზღვრა და კოორდინაციის კუთხით რამდენიმე დავალება გასცა.