გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს წინასწარ მიუვიდა შესაბამისი შეტყობინება ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით,_ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი გამოეხმაურა.
თანდილაშვილის თქმით, ინფორმაცია საჯაროა და გავრცელებული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.
“ეს ინფორმაცია არის სრულიად ღია და საჯარო და დღესვე, ნებისმიერი ადამიანს შეუძლია 3 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე ნახოს. ეს არ არის დაფარული ინფორმაცია, პირიქით, ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც გახლავთ ზოგადი ხასიათის და რომელიც მოიცავს ინფორმაციას მოსალოდნელი ამინდის შესახებ. მსგავსი ტიპის ინფორმაციებს ჩვენ მუდმივად ვავრცელებთ, ეს არის ჩვენი სააგენტოს პირდაპირი მოვალეობა. მაგრამ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ შოვში განვითარებულ მოვლენებზე, ზოგადი გაფრთხილების საფუძველზე ჩვენ არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი დავაკავშიროთ იმ განვითარებულ მოვლენებს, რაც მოხდა კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე,” – აღნიშნა თანდილაშვილმა.