ნატო-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგანგებო სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ასევე ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით, გავააქტიუროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.
მისი თქმით, ნატო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.
„თუმცა, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ომი არ გადაიზრდება ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტში, რაც კიდევ უფრო დიდ მსხვერპლსა და განადგურებას მოიტანს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი გავიდა ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტიდან.
„ისინი ისევ და ისევ არღვევენ მას. მათ მკაფიოდ დაარღვიეს ის 2014-ში, როდესაც უკანონოდ განახორციელეს ყირიმის ანექსია და დაიწყეს დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. დაარღვიეს, როდესაც 2008-ში საქართველოში შევიდნენ, და რა თქმა უნდა, ახლა უკრაინაში შეჭრა არის ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტის უხეში დარღვევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
წყარო: 1tv.ge