,,რუსეთმა ასევე უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე“, _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოება კრიტიკული მომენტის წინაშე დგას, რადგან უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობა გრძელდება
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატო არ წავა კომპრომისზე თითოეული ქვეყნის უფლებაზე, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები.
“ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთება და ჩავერთოთ რეალურ საუბარში, თუ როგორ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ, დაწყებული ჰელსინკის საბოლოო აქტით.
ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები მოიცავს თითოეული ერის უფლებას აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს იძულების ძალის გამოყენებისგან, აგრესიული რიტორიკის და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან.
რუსეთმა ასევე უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე, და ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში, მათ შორის ნორმანდიის ფორმატში”,_ განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.