საქართველოს თავდაცვის მინისტრთან გვქონდა კონსტრუქციული დიალოგი და ნატოს მოკავშირეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ამ ქვეყანასთან პარტნიორობა გააძლიერონ, _ ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ნატომ იმ პარტნიორი ქვეყნების დახმარება გააძლიეროს, რომლებიც რუსეთის წინაშე დაუცველები არიან.
,,გუშინ შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ის ასევე მონაწილეობდა გუშინდელი საღამოს შეხვედრაზე. პარტნიორებმა და პირადად მე ხაზი გავუსვით იმ მოკავშირეების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებას, რომლებიც რუსეთის ჩარევის წინაშე დაუცველები არიან. რა თქმა უნდა, საქართველო მათ შორისაა, რადგან საქართველომ მოსკოვის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შედეგები 2008 წელს უკვე განიცადა. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვმუშაობთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა იყო. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ნატოს სამიტზეა დამოკიდებული. თუმცა, მე ველოდები, როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან, ისინი ჩვენი ღია კარის პოლიტიკას დაადასტურებენ და კვლავ განაცხადებენ იმას, რაც აქამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით.“ – თქვა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
ავტორი