სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორია თავის ძმის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
”18 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ბათუმში ჩემი ოჯახის კუთვნილ სახლში, სადაც ცხოვრობენ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამოღებულია პისტოლეტი და ვაზნები. ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები.
მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უშინ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლიდან სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.