ფოთში, ნინოშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას მამაკაცი დაიღუპა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ქურდობის მცდელობისას სამართალდამცავებსა და მძარცველს შორის დაპირისპირება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცავს მამაკაცი არ დაემორჩილა, რასაც გასროლა მოჰყვა. მძარცველი მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში შეყვანისთანავე კი გარდაიცვალა.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა იგი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა“,- აცხადებენ ფოთის სასწრაფო დახმარების სამსახურში.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19- 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებას აგრძელებს პროკურატურა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ ექსპერტ-კრიმინალისტები.