“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს განცხადებით მიმართეს და აღნიშნეს, რომ თანხმდებიან მის „გამოწვევას“ და მზად არიან დებატებისთვის.
მათი განცხადებით, აქვთ კონკრეტული შეკითხვები, რომლებიც საჭიროებენ პასუხებს.
ამასთან, ისინი მზაობას გამოთქვამენ, კობახიძეს ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს და პირდაპირ ეთერში ედებატონ.
„ამ ქვეყანაში ჩიხში შესული პოლიტიკური სიტუაციის გამო, ვთანხმდებით ირაკლი კობახიძის გამოწვევას, გინდათ დებატი – აქ ვართ, აი აქ შეკრებილი, აქ მდგომი ახალგაზრდების სახელით ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ, საკმაოდ ბევრნი ვართ და გვაქვს შეკითხვები, რომლებსაც სჭირდება პასუხები.
ბატონო ირაკლი კობახიძევ, ხომ ეძახით საკუთარ თავს პრემიერს, გახსენებთ, რომ ამ თქვენივე ლოგიკით ანგარიშვალდებული ხართ ხალხთან და მათ შორის იმ
ადამიანებთანაც ხართ ანგარიშვალდებული, ვინც თუნდაც არ გაღიარებთ და არ გეთანხმებათ.
ჩვენ არ ვსხდებით არსად არც დამოძღვრის მოსასმენად და არც რაღაც შემოგდებულ თემებზე სალაპარაკოდ, ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში რომლის თავზე მომჯდარი პარტიაც გვინადგურებს მომავალს, იჭერს ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო, ჰყავს ამდენი სინდისის ტყვე, და თუნდაც ატარებს ამხელა განათლების ვითომ
რეფორმას ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხება და რახან საქართველო, მისი ეროვნული ინტერესი ჩვენთვის უპირველესია, რადგან გვინდა მართლა ნორმალური, ბედნიერი და მშვიდობიანი ცხოვრება ამ ქვეყანაში, მზად ვართ ამ გამოწვევის მისაღებად – ვუსვამთ ხაზს რომ გვაქვს კონკრეტული შეკითხვები და ისინი საჭიროებს პასუხებს – მორჩა ახალგაზრდებისგან დამალვის დრო“, – განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „სართულის“ თანადამფუძნებელმა ვადო მაჭავარიანმა.
ამავე პოლიტიკური მოძრაობის თანადამფუძნებლის ლუკა ხიზაძის განცხადებით, უნივერსიტეტთან შეკრებილი ბევრი ახალგაზრდა მზად არის კობახიძისთვის კითხვების დასასმელად.
„ამ განცხადებას ვაკეთებთ ადგილიდან, რომელიც სიმბოლურია 3 მიზეზით – ჩვენ ვართ ზუსტად იმ უნივერსიტეტთან რომელსაც ანადგურებენ ამ ვითომ განათლების რეფორმით, ვართ უნივერსიტეტთან რომელშიც წლები სწავლობდა და ასწავლიდა ამ განცხადების ადრესატი, რომელიც დღეს დამცინავად მოიხსენიებს მას და ვართ ზუსტად იმ ეზოში სადაც ძალიან ბევრი დიდი მოძრაობა დაწყებულა.
ხომ გინდოდათ დებატები და დისკუსია – აქ მყოფი ბევრი ახალგაზრდა მზად ვართ დავსვათ კითხვები, რაზეც ცხადია გვექნება ჩვენი პასუხები და არგუმენტები და შემდეგ – ჩვენ, ჩვენთან ერთად მთელი ქვეყანა მოგისმენთ და გავაკეთებთ ჩვენს დასკვნებს, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს და რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში.
ჩვენგან, აქ მდგომებიდან ამ ფორმატში ვიქნებით იმდენი რამდენიც გსურთ – ეს იქნება ერთი, სამი, ხუთი თუ ათი.
ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ მზად ვართ – ბურთი ისევ თქვენს მოედანზეა და იმედია არ დავინახავთ პასუხად შიშს და დამალვას“, – განაცხადა ლუკა ხიზაძემ.





























































