ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში მდებარე “სათნოების სახლის” 21 ხანდაზმულს სოფელ მერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ლამაზი საღამო მოუწყვეს.
_ უცებ მოვიფიქრეთ და ვთქვით, რომ სააღდგომოდ მოხუცებს უსაზღვროდ გავახარებდით ჩვენი მოულოდნელი მისვლით. სიურპრიზიც ჩვენვე მოვამზადეთ, _ გვითხრა სკოლის ადმინისტრატორმა ციური ბაბილოძემ.
“თქვენთან მოვედით, რომ მოგესიყვარულოთ, გიმღეროთ, გითხრათ ლექსები და მადლობა ამქვეყნად გაკეთებული სიკეთისთვის, მოღვაწეობისთვის, ოჯახების და ქვეყნის წინაშე გაწეული ამაგისთვის!” _ ასე მიმართეს ბავშვებმა მოხუცებს.
“სათნოების სახლის” მცხოვრებთა სიხარული მათ ცრემლებში გამოიხატა.
როცა ერთ-ერთმა მოსწავლემ აფხაზეთზე სიმღერა შეასრულა, დარბაზში მყოფი, სათნოების სახლის მცხოვრები მოხუცი კაცი ატირდა _ მერე გაიგეს, რომ ის ეროვნებით აფხაზია…
“ეს იყო ძალიან ბედნიერი და ემოციური დღე, რომელმაც უსაზღვრო შინაგანი სითბოთი და კმაყოფილებით აღგვავსო,” _ თქვა სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორმა ავთანდილ კეჭაყმაძემ.