ოპოზიციას ასეთი არა ერთი გამარჯვების ზეიმი კიდევ ბევრი წლის განმავლობაში მოუწევს, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ისინი ოპოზიციაში იქნებიან, ქუჩაში იდგებიან, ყოველ მორიგ ცვლილებაზე თავისი გამარჯვების აღნიშვნა მოუწევთ და შემიძლია, მათ ეს ყოველ ჯერზე მივულოცო.
თუმცა, თავისთავად ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ კვალიფიციური და ძლიერი ოპოზიცია არ გვყავს, რომელიც გვაიძულებდა, ტონუსში უფრო მეტად ვყოფილიყავით.
ამიტომ, შიგნით ვახერხებთ, ძალები გამოვნახოთ, რაც ტონუსშიც გვამყოფებს და თავის დროზე გარკვეულ ცვლილებებსაც გვახორციელებინებს, როცა ეს მწიფდება“, – განაცხადა სუბარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქონია თუ არა პრემიერის გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, სუბარმა განაცხადა, რომ ქუჩის აქციებს და სამართლიან, თუ ნაკლებად სამართლიან მოთხოვნებს გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ვიხილოთ, სუბარმა განაცხადა, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს მთავრობაში და მთლიანად მმართველ გუნდში ძალიან სერიოზული დინამიკა შემოიტანა და ქვეყნის შიგნით, თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მის სერიოზულ აქტიურობას ვხედავთ, ამ ორ მიმართულებაში კი, სწრაფი ცვლილებები და სწრაფი განვითარების რესურსების მოპოვება ძალიან გვჭირდება.
1tv.ge