მხოლოდ ბოლო ორ დღეში, 9 და 10 ივლისს, პოლიციამ ქუჩაში გააჩერა და ნარკოტესტირება მოსთხოვა საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ასევე ოპოზიციური პარტიების წევრებს – სულ ცხრა ადამიანს – ეს მხოლოდ ის ფაქტებია, რომლებიც გასაჯაროვდა.
ამ დროისთვის მათ შორის არიან:
- ოთო ფარულავა („ლელო“)
- ბექა ბერიძიშვილი („ლელო“)
- ლევან ჯორბენაძე („ლელო“)
- გიგა მაქარაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი)
- ბექა პაპაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)
- როკო მწყერაშვილი („გირჩი – მეტი თავისუფლება“)
- თაკო ხელაძე – („საზმაუს მარშების“ მონაწილე და „მარშის ხმა“)
- სალომე ბარკერი (სამოქალაქო აქტივისტი)
- ზუკა ბერძენიშვილი (სამოქალაქო აქტივისტი)
რა დგას რეალურად ასეთი ნარკოპოლიტიკის უკან? ნარკოტიკების მოხმარების შემცირება თუ მომხმარებელთა გარიყვა, დაშინება, მათზე კონტროლის მოპოვება და რაც მთავარია, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია?
ტელეფონში ჩემი ფოტო ჰქონდა – რას ჰყვებიან ქუჩაში გაჩერებულები
„გუშინ მე და ჩემი ორი თანამებრძოლი „ლელოდან“ რეჟიმს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადავყავდით. მოთხოვნაზე კატეგორიული უარი ვთქვით. მოგვცეს 4 საათი, რომ ტესტირება დამოუკიდებლად სამხარაულში ჩაგვეტარებინა, თუმცა არც ეს გავაკეთეთ“, – დაწერა ფეისბუკზე „ლელოს“ წევრმა ოთო ფარულავამ.



































































