ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურებში „სურები ჰესი 2“-ის გზშ-ს განხილვა შედგა. როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია, განხილვას არ დაესწრო.
„ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომელიც ამ სოფელში ჰესის მშენებლობას გეგმავს, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
„შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგი საუკეთესო გზაა განვითარებისთვის.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? გამჭვირვალობა: პროექტი ვითარდება ყველა კანონისა და ევროპული სტანდარტის დაცვით.
ჩართულობა: მოსახლეობის აზრი და მათი ინტერესები ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.
ენერგოდამოუკიდებლობა: თითოეული ასეთი ნაბიჯი გვაახლოებს მიზანთან _ საქართველომ თავად გამოიმუშაოს საკუთარი ენერგია.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიურობისა და ჩართულობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ერთგული ვრჩებით იმ ვალდებულებების, რომელიც ხეობის განვითარებისთვის ავიღეთ!“ _ აღნიშნულია ინფორმაციაში.
„გურია ნიუსმა“ ზემო სურებში მცხოვრებ იაშა შათირიშვილს ესაუბრა _ იგი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. მისი თქმით, სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და, აქედან გამომდინარე, იმ ადგილზე, სადაც ჰესი აშენება იგეგმება, მშენებლობა არ შეიძლებაზ:
„ცხრა წელია ვებრძვით სამი სოფელი: დიდი ვანი, შუა სურები და ზემო სურები, რომ ჰესი არ აშენდეს. მოსახლეობას, რომლებიც ვაპროტესტებთ ჰესის მშენებლობას, არაფრად არ გვაგდებენ მშენებელი კომპანიები,“ _ გვითხრა სატელეფონოს საუბრის დროს იაშა შათირიშვილმა.
„მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობთ და არავინ იცის, რა უბედურება შეიძლება მოხდეს მომავალში. აქაურები ხშირად დავდივართ სურების ტყეში და ვხედავთ, როგორაა დაბზარული მთები; როდის წამოვა ერთი მთა და მეორეს დაეჯახება, ღმერთმა უწყის.
მოდიან აქ პოლიციის, სუს-ის თანამშრომლების თანხლებით და აშინებენ ხალხს. ბოლო შეხვედრაზე მოიყვანეს გეოლოგები, ვითომ შეამოწმეს მდგომარეობა და შემდეგ ხალხს განუცხადეს, რომ სადაც ჰესის მშენებლობას იგეგმება, არაფერია საშიში.
ჰპირდებიან ხალხს, რომ გააკეთებენ გზას, ხიდებს… თუ კომპანია აპირებს ამ ყველაფერს, მაშინ ხელისუფლებას რის გაკეთება ევალება? ეს არის არასამთლიანი და არასწორი მიდგომა.
ამ დროისთვის შეფერხებით გვიწევს ტრანსპორტით გადაადგილება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას უჭირს სოფელში ამოსვლა… კიდევ უამრავი პრობლემა გვაქვს, თუმცა, ჩვენთვის არავის სცალია“, _ გვითხრა იაშა შათირიშვილმა.
კომპანია „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ზემო სურებში 15 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სურები 2 ჰესის“ მშენებლობას გეგმავsს.
ავტორი
































































