პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის ახალმა ინიციატივამ, რომელიც პროდუქტებზე ზედა ზღვრის დაწესებას ან მკაცრ მონიტორინგს გულისხმობს, ექსპერტთა წრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ქსელურ მარკეტებში პროდუქციის ფასი ბევრად აღემატება ევროპულ ფასებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, ბაზრის მოთამაშეები შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ. ის სამართალდამცავ უწყებებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს და ასევე, საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
მან აღნიშნა ისიც, რომ შესაძლოა ანტიმონოპოლური კანონმდებლობის ამოქმედებაზეც კი იფიქრონ.
მაშინ კი, როცა მთავრობა მოსახლეობის ინტერესებზე საუბრობს, ეკონომისტები დეფიციტისა და ფასების კიდევ უფრო მეტი ზრდის საფრთხეზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ კობახიძის გადაწყვეტილება ბიზნესის ტერორია.
“კობახიძის ლოგიკა: სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასები სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების ქსელების მაღალი ფასნამატის ბრალია.
ეკონომიკას შევეშვათ და წმინდა ტექნიკურად შევხედოთ საკითხს. ფასები სასურსათო პროდუქციაზე ერთბაშად არ გაძვირებულა. თანდათანობით იზრდება. ანუ, ვუშვებთ, რომ საბითუმო მოვაჭრეები და სუპერმარკეტების ქსელები თანდათანობით ზრდიან და ზრდიან მოგების მარჟას პერიოდიდან პერიოდამდე და ბოლოს 10%-იანი ინფლაციაც, თურმე, ამის გამოხატულება იყო? სრული აბსურდია, ხომ? მაგრამ უბრალოდ გავყვეთ ამ ხაზს და ვნახოთ, სად მივყავართ კობახიძის ლოგიკას.
მაშინ რატომ არ ჩნდება ბაზარზე ბევრი ახალი კომპანია პარალელურად, რომელიც 86%-ის ნაცვლად მხოლოდ 20%-ით გააძვირებს პროდუქციას?
საქმე ხომ სასურსათო პროდუქციის გაყიდვას ეხება და არა თვითმფრინავების წარმოებას ბოლო–ბოლო? მეწარმეს ვერ დაასწრებ რაიმე ისეთის გაყიდვას, რომლის დამზადებაც მარტივია და მოაქვს დიდი მოგება. ბრინჯი 180%-ის ფასნამატით იყიდებაო და აგერ, ბატონებო, გამზადებული ბიზნეს–მოდელი გაქვთ.
შემოიტანეთ ბრინჯი და გაყიდეთ თუნდაც 100%-იანი ფასნამატით _ რა გიშლით ხელს?
და თუ სხვა მიზეზი ვერ იძებნება, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის კორუფციის ბრალია, რასაც თავად კობახიძე არ ამბობს, მაგრამ მისი მსჯელობიდან სხვა დასკვნას ვერ გამოიტან, მაშინ მხოლოდ მაფიოზი ბიზნესები კი არა, კონკურენციის სააგენტოდან დაწყებული პრემიერის ჩათვლით ყველა დასაჭერები ხართ.
ყველაზე საგანგაშო კი არის შემდეგი: “მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში (დისტრიბუცია და ქსელური მაღაზიები) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“
წარმოიდგინეთ, პოლიცია შედის საბითუმო და საცალო სავაჭრო ქსელებში და სისხლის სამართლის დევნით ემუქრება ყველა იმ ბიზნესს, ვისზეც მოელანდება, რომ მოგების მაღალ მარჟას აწესებს;
წარმოიდგინეთ, პარლამენტში პეტრიაშვილები და წილოსანები იკვლევენ, თუ რა პრინციპით ადგენენ ფასებს ფირმები ბაზრებზე;
წარმოიდგინეთ, რომ ამიერიდან ფასის შეთანხმება შესაძლოა მოგიწიოთ რეფერენტ კობახიძესთან…
სწორად მიხვდით. ეს ბიზნესის ტერორია. ასეთია რეჟიმის ბუნება. ხოლო თქვენ, თქვენი დუმილით, მხოლოდ აძლიერებთ და ეხმარებით მას.
ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ გრძელ პოსტებს და მით უფრო, ეკონომიკურ ანალიზს არავინ კითხულობს და მეც აქ გავჩერდები“, _ წერს აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში.
“გურია ნიუსს” საკითხთან დაკავშირებით უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) დასაქმების, სოციალური საკითხებისა და მოქალაქეობის სექციის (SOC) ხელმძღვანელი, ქეთევან ყაჭეიშვილი ესაუბრა.
ქეთევან ყაჭეიშვილი აცხადებს, რომ არაპროპორციულად მაღალი ფასნამატი არსებით ზეგავლენას ახდენს მოსახლეობაზე არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
მოსახლეობას უწევს ფინანსური დისკომფორტის გაწვდომა, რაც განსაკუთრებით ორიენტირებულია ზედმეტი ხარჯების მოსაკრებად.
არაპროპორციულად მაღალი ფასნამატი ზემოქმედება იგრძნობა საჭირო ნივთებზე, როგორიც არის საკვები, საცხოვრებელი, ტრანსპორტი, და სამედიცინო მომსახურება.
“მაგალითისთვის საქართველოში კერძო კლინიკების ვიზიტის ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც იწვევს იმას, რომ მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს მომთხოვნი მომსახურების იგნორირებას, რაც ნიშნავს, რომ ბევრმა ოჯახმა შეიძლება საჭირო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღოს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბინების ქირის ფასები და სხვა საცხოვრებელი ხარჯები დაექვემდებარნენ ინფლაციის ზემოქმედებას, რაც წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც გავლენას ცხოვრების სტანდარტზე“, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა ფასების 3.6%-იანი ზრდით ინფლაციაში 1.18 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი შეიტანა.
ამ კატეგორიაში ფასების მატება ძირითადად ბოსტნეულის (15.7%), ზეთის (10.1%), ყავისა და ჩაის (8.8%), შაქრისა და ტკბილეულის (6.9%) ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული პროდუქტების გაძვირება განსაკუთრებით მძიმეა იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა ხარჯების დიდი წილი საკვებ პროდუქტებზე მოდის. ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს კატეგორიაში ფასების 5.9%-იანი ზრდამ საერთო ინფლაციაში 0.4%-იანი წვლილი შეიტანა.
შესაბამისად, სასურსათო პროდუქციაზე არაპროპორციულად მაღალი ფასნამატი უარყოფითად ისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, რადგან ხარჯების დიდი წილი სწორედ საკვებ პროდუქტებზეა მიმართული და ადამიანის ღირსეული ცხოვრებისა და საკვებზე ხელმისაწვდომობის უფლების არსებით დარღვევას წარმოადგენს“, _ ამბობს ქეთევან ყაჭეიშვილი.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საკვების უფლების საკითხებში ადეკვატური საკვების უფლებასთან დაკავშირებით შემდეგი განმარტება გააკეთა:
“ადეკვატური საკვების უფლება არის უფლება რეგულარულ, მუდმივ და შეუზღუდავ ხელმისაწვდომობაზე, პირდაპირი ან ფინანსური შესყიდვების გზით, რაოდენობრივად და ხარისხობრივად ადეკვატურ და საკმარის საკვებზე, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის კულტურულ ტრადიციებს და რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკურ და გონებრივ, ინდივიდუალურ და კოლექტიურ, სრულფასოვან და ღირსეულ სიცოცხლეს შიშის გარეშე“.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის განმარტება ადეკვატურ საკვების უფლებასთან დაკავშირებით კი ასეთია:
“ადეკვატური საკვების უფლება, შესაბამისად, არ უნდა იქნეს განმარტებული ვიწრო ან შემზღუდველი გაგებით, რომელიც მას აიგივებს კალორიების, ცილების და სხვა კონკრეტული საკვები ნივთიერებების მინიმალურ პაკეტთან“.
კითხვაზე თუ ვინ იცავს აღნიშნულ უფლებას, ქეთევან ყაჭეიშვილი პასუხობს, რომ ვინაიდან სახელმწიფო ადამიანის უფლებების მთავარი გარანტია, მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ უფლების რეალიზაციისკენ:
უფრო კონკრეტულად, სახელმწიფოს სამი სახის ვალდებულება აქვს:
“1. პატივისცემის ვალდებულება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს ან ხელი შეუშალოს ამ უფლებას. ამრიგად, აკრძალულია შემდეგი ქმედებები:
საკვებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, კვებასთან დაკავშირებული პროგრამების გაუმართლებელი შეჩერება.
- დაცვის ვალდებულება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს დარღვევები სხვა მხარეების მიერ. ეს მოიცავს:
შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, სურსათის ბაზრის რეგულირებას (მაგ., სურსათის მარკირება), მიწის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციას.
- შესრულების ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფოსგან მიიღოს ზომების ერთობლიობა ამ უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს: ეროვნული საკვებისა და კვების პოლიტიკის მიღებას, შიმშილის პრევენციას, საჭიროების შემთხვევაში საკვები დახმარების გაწევას“.
ქეთევან ყაჭეიშვილის თქმით, საქართველოში ფასების რეგულირებას/დაწესებას ახდენს: “მათ შორის _ მარეგულირებელი კომისიები, კონკურენციის სააგენტო, თუმცა, როგორც განვლილმა მოვლენებმა ცხადყო, მიუხედავად ეროვნული ვალუტის კურსის მთვარობის ძალისხმევის შედეგად დასტაბილურებისა _ მარეგულირებელი უწყებები კანონით გათვალისწინებულის საფუძვლის იგნორირებით _ არ ახდენენ ფასების მოსახლეობის სასიკეთოდ ცვლილებას.
ადამიანის ღირსეული ცხოვრებისა და საკვებზე ხელმისაწვდომობის უფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25.1.-ე მუხლით, სადაც, აღნიშნულია:
“ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, შეზღუდული შესაძლებლობების, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში“.
ქეთევან ყაჭეიშვილის განმარტებით, საკვებ პროდუქციაზე არაპროპორციული ფასნამატის არსებობას მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მგზავრობის და კომუნალური მომსახურების არაპროპორციული ფასები,:
“მაგალითად, თუნდაც დედაქალაქში მოქმედი 1 ლარის ოდენობის მგზავრობის საფასური საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს დედაქალაქის მოსახლეობას.
27.12.2021წ. თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქში მგზავრობის საფასურის 0,50 ლარიდან 1 ლარამდე გაზრდის საფუძველს წარმოადგენდა ეროვნული ვალუტის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში (1 აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში შეადგენდა 3.2635 ლარს).
იგივე მოცემულობა ელენერგიის და ბუნებრივი გაზის საფასურთან, კერძოდ 21 წლიდან მოქმედი ტარიფები დაანგარიშებულია იგივე კურსით (1 აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში შეადგენდა 3.2635 ლარს)
საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგად უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, საგრძნობლად გამყარებულია და 1 აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში და შეადგენს 2,71 ლარს, რაც შესაბამისად წარმოადგენს, როგორც საკვებ პრუდუქციაზე, ასევე, მგზავრობისა და კომუნალური გადასახადების უპირობო და აბსოლუტური შემცირების საფუძველს.
უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრმა (ICFRP) წინადადებით მიმართა თბილისის საკრებულოს, ასევე მარეგულირებელ კომისიას, რომლებმაც მართალია დაადასტურეს არსებული ფასების დაწესება 1 აშშ = 3,2635 ლარის კურსით, თუმცა მიუხედავად კურსის 2,71-მდე ცვლილებისა არ ამცირებენ და შესაბამისად მოსახლეობას დაახლოებით 3 წელია ახდევინებენ არაპროპორციულ საფასურს, რაც მომხმარებელთა უფლებების არსებით დარღვევას წარმოადგენს“.
ქეთევან ყაჭეიშვილის განმარტებით, ფასების, მათ შორის მგზავრობის და კომუნალური საფასურის შეუმცირებლობის შემთხვევაში, ორგანიზაციამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მთავრობასთან კოორდინაციით შესაძლოა საკონსტიტუციო სარჩელიც შეიტანოს თბილისის მერიის და მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ შესაბამისი ჩანაწერების გაუქმების მოთხოვნით:
“საბოლოოდ, მთავრობის მცდელობა, ადმინისტრაციული გზებით მართოს ბაზარი, ორლესული მახვილია. მაშინ როცა მოსახლეობა მყისიერ შეღავათს ელოდება, ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ ხელოვნურმა ჩარევამ შესაძლოა პროდუქციის გაძვირება ან დეფიციტი გამოიწვიოს. გაამართლებს თუ არა კობახიძის ინიციატივა, ამას უახლოეს თვეებში გავიგებთ“.


































































