სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს უკანონოდ.
“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, წარმოებს პერმანენტული კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”,_ აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.