სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დავით ჯ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ჯ. თავს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლად ასაღებდა და საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა სოფ. კრწანისთან მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც 20 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
ამასთან განუმარტა, რომ მიწის დასაკანონებლად მას აღნიშნული თანხის ნაწილი უნდა გადაეცა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე კომპეტენტური თანამდებობის პირებისათვის.
დავით ჯ-მ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.