სუს-მა დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ბირთვული მასალა „ურანის” გასხვისებას გეგმავდნენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სახელმწიფო უწყებებთან მუდმივ კოორდინაციას, ასევე მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. წარმატებით ვაგრძელებთ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.
მიმდინარე წლის 13 მარტს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ბირთვული მასალა „ურანის” გასხვისებას გეგმავდნენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. 2018 წელს რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ორ საქმეზე. საანგარიშო პერიოდში სამსახურის ინიციატივით, საქართველომ უმასპინძლა უკრაინის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს. უკრაინელ პარტნიორებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება ბირთვული და რადიაციული კონტროლის სფეროში”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, უწყებამ ასევე ჩაატარა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სწავლება „ლომის ფარი”, რისთვისაც ევროკომისიამ საქართველო საუკეთესო პარტნიორად დაასახელა.