სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა.
„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული, ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით.
ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით.
გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული, ონლაინ პლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით, დაკავებული პირი პერიოდულად გადაადგილდებოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას“, – განაცხადეს სუსში.


































































