ონში „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი, პარასკევს, სუს-ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დააკავა.
იგი აგრეთვე ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსია.
თვითმხილველების თქმით, გიორგი მელაშვილი 31 მარტს, გამგეობის შენობის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და სავარუდოდ, მას ქრთამის აღებას ედავებიან.
ოჯახის წევრებს მისი დაკავების შესახებ დღეს შეატყობინეს.
ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლობჯანიძე აცხადებს, რომ არ იცის რა ბრალდებით დააკავეს გიორგი მელაშვილი.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გიორგი მელაშვილის დაკავების მიზეზებზე ჯერჯერობით არც მისთვის არის ცნობილი.
„ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა. გამოძიების პროცესში ყველაფერი გაირკვევა. ბოლომდე საქმის კურში მეც არ ვარ“ – განუცხადა „მთის ამბებს“ პარმენ მარგველიძემ.
სავარაუდოდ, გიორგი მელაშვილი ტენდერებთან დაკავშირებული დარღვევების გამო აიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის, გუბერნატორი და გამგებელი დაკავების ფაქტს ადასტურებენ, სუს-ში კი, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
წყარო: mtisambebi.ge