საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული, _ აღნიშნულის შესახებ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ, 2019 წლის ანგარიშშია საუბარი.
„ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები უცვლელად დგას თანამედროვე მსოფლიოს დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ „დაეშმა“ დაკარგა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ტერორიზმის კუთხით იგი “ალ-ქაიდასთან” ერთად კვლავ წარმოადგენს მსოფლიოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული. თუმცა, ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოწვევები“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული ის, რომ საქართველოს ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორებიც მაღალ შეფასებას აძლევენ.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობა ან/და ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერთა შემოსვლა.