“ტყეში ნაპოვნია ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან არის ამოღებული იარაღი”, _ ეს განცხადება გუშინ, სუსის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა ჟურნალისტებთან, სადაც გომელაურმა ნდობის ჯგუფს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“ნდობის ჯგუფს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა გამოძებიდან ის საკითხი თუ საიდან შემოვიდნენ (სპეცპოერაციისას ლიკვიდირებულები) საქართველოში, როგორ მოხვდნენ. ასევე როგორ მოიძიეს იარაღი – სად შეიძინეს, რას გეგმავდნენ, მომავალში რა სურდათ ამ ადამიანებს. გამოძიებიდან გამომდინარე ყველაფერზე ღიად ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ნდობის ჯგუფს ჩვენს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაცია გავაცანით.
ტყეში ნაპოვნია ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან არის ამოღებული იარაღი. ექსპერტიზას ველოდებით, რომლითაც დადგინდა, რომ ადგილზე ზუსტად ის მიწა და ის შემადგენლობაა, რაც აღმოვაჩინეთ ტერორისტების იარაღებზე. დაჟანგებული იარაღებია და ადვილად დადგინდება ექსპერტიზით”, _ განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სუსის ხელმძღვანელის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის ვერ დააკონკრეტებს თუ საიდან შეძლებს ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, თუმცა დასძენს, რომ სუსის ვერსიით ეს არის “ე.წ. მწვანე საზღვარი”.