სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი გურამ ასათიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გურამ ა-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოიყენებით არ განახორციელა კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული მოვალეობები.
კერძოდ, მან უკანონო ქმედებებში არ ამხილა ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცა აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის – ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ამავე საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის მარტსა და ივლისში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 5 თანამშრომელი დააკავეს, ხოლო 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს“, _ აცხადებენ სუს-ში.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.