მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს, ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შემოვიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. შეტყიბინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.