ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, ნახევარი საუკუნის მანძილზე ამავე სოფლის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, სვეტლანა საჯაია, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
50 წლის მანძილზე მასწავლებლობდა ქალბატონი სვეტლანა მშობლიური სოფლის სკოლაში და მას, როგორც გამორჩეული ხელწერის მქონე პედაგოგს, თაობები ჰყავს აღზრდილი.
„უდიდესი დანაკლისია სოფლისთვის, ოჯახისთვის, მთელი რაიონული პედაგოგიური საზოგადოებისთვის. მოწოდებით პედაგოგს , ჩვენ მოფერებით დაწყებითი განათლების პატრიარქსაც ვეძახდით“ _დღემდე ამბობენ და მომავალშიც იტყვიან მშობლიურ ჭანიეთში.
მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, პენსიაზე იყო, მუდამ სკოლა ენატრებოდა. ჭანიეთის საჯარო სკოლის პედაგოგები, ყოფილი მოსწავლეები, პედაგოგთა რაიონული პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ ღვაწლმოსილ პედაგოგს.
ამაგდარი პედაგოგი არაერთი ჯილდოს მფლობელი გახლდათ. მისი დამსახურება, პრეზიდენტის სტიპენდიანტობასთან ერთად, არაერთხელ აღინიშნა სიგელით თუ მედლებით. დიდი პედაგოგი, ასევე დიდი, ტრადიციული, მუსიკალური ოჯახის ფუძემდებელი და წინამძღოლი იყო. განსაკუთრებით კი მეუღლის ახალგაზრდა ასაკში დაღუპვის შემდეგ. თავდადებული დედა და ბებია, სამაგალითო დედამთილი, ასეთივე ოჯახის წევრების პატრონი, სწორედ თავისი მიდგომითა და გაცემული სიყვარულის წილ მუდამ ბედნიერად გრძნობდა თავს. ოჯახის წევრები, რომ იტყვიან, ცივ ნიავს არ აკარებდნენ საყვარელ დედას, ბებოს…თუმცა …ასეა წუთისოფელი!
სვეტლანა საჯაიას ღვაწლი თაობების წინაშე მუდამ უქრობ სინათლედ გაყვება სკოლის, სოფლის ისტორიას!
„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს, სოფელს, ოზურგეთის პედაგოგთა საზოგადოებას სვეტლანა საჯაიას გარდაცვალების გამო.
ავტორი