„მიხეილ სააკაშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტი დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინა. ეს ადამიანი საზოგადოებას, დაახლოებით, ექვსი წელია სკაიპით ესაუბრება, რაც უხერხულია. თუ მიხეილ სააკაშვილმა ასეთი “სკაიპობა“ გააგრძელა, პარტიას არაფერი ეშველება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი იქნება ნადირობა იმ ამომრჩეველზე, რომელიც პოლიტიკურ ველზე მესამე ალტერნატიული ძალის გამოჩენას ელოდება. ნებისმიერი მსხვილი პარტია ორიენტირებული ასეთი ამომრჩევლის გულის მოგებაზე უნდა იყოს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა გია აბაშიძემ.
აბაშიძე თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას _ „კანონსა და სამართალს“ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიად მოიაზრებს.
„რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ღია სატელიტური პარტია დააფუძნა. ვგულისხმობ თაკო ჩარკვიანის „კანონსა და სამართალს“, რომელმაც პირველივე დღიდან ტრაგიკომიკური ხასიათი მიიღო. თაკო ჩარკვიანს ვურჩევდი, რომ პარტიის სახელით სახლობანას თამაშის ნაცვლად, ორიენტირებული იყოს პროფესიონალების შემოკრებაზე“, _ აღნიშნა აბაშიძემ.