ტაქსებში მრიცხველის დამონტაჟება აუცილებელი იქნება _ ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტაქსით მომსახურების სანებართვო რეგულაციასთან დაკავშირებისას ისაუბრა.
“კანონპროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე, თბილისის საკრებულოს უჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ გამოსცეს აქტი, რომელშიც დადგენილი იქნება საქმიანობის სანებართვო პირობები. ანუ პირველ ეტაპზე არის აღრიცხვიანობა, გამოხატული სტატისტიკურ ფორმაში როგორც ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივად, ერთი სარკმლის პრინციპით ელექტრონულად ან არაელექტრონულად, როგორც მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანისთვის, რომელსაც თავისი სერვისის მიწოდება უნდა მოსახლეობისთვის. იქნება მხოლოდ ერთჯერადი საფასური – ე.წ. ფურცლის საფასური, რასაც ჩვენ მაგალითად, პასპორტის ასაღებად ვიხდით. ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე შერავათიანი იქნება ეს გადასახადიც – პრაქტიკულად, ნული იქნება ელექტრომობილისთვის.
რაც შეეხება მეორე ეტაპს…მეორე ფაქტორი არის ის, რომ სანდოდ და უსაფრთხოდ გადაადგილება მოხდეს. თუ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვაკონტროლოთ ავტობუსის მძღოლები და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რომ ისინი უსაფრთხოდ გადაადგილებენ მოსახლეობას და ტურისტებს, რატომ არ უნდა მოეთხოვოთ იგივე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მომსახურეობაში ბევრად მეტს იღებენ. ასევე, მნიშვნელოვანია, ტაქსის ვიზუალი გარედან და მდგომარეობა შიგნით.
მესამე ეტაპზე, როცა სისტემა სრულად ამოქმედდება და ეს შეიძლება იყოს 3 წლის შემდეგ, ტაქსის მძღოლს დაევალება ტაქსომეტრის დაყენება, რომელიც სანდოს გახდის მგზავრობის ხარჯებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოწყვლადი მომხმარებლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ტურისტი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.