ლანჩხუთში საფო მგელაძის ქუჩაზე ადგილობრივები ყოველ გაწვიმებაზე, როგორც თავად ამბობენ, გოგი წულაიას ელიან ანკესით თევზის დასაჭერად. როგორც მოსახლეობა ამბობს, ცხოვრება ტალახსა და წყალში უწევთ, ამბის მომკითხავი კი არავინაა.
“რამდენი წელია, ამ დღეში ვართ, მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას. არჩევნების წინ თუ გავახსენდებით ხელისუფლებას, აბა, ისე ვის დავკარგვივართ. შარშან არჩევნებამდე იყვნენ მოსულები, დაპირებებით აგვავსეს, გულიც აგვიჩუყეს, დაფაცურდნენ და ნაუცბათევად გზაც მოგვიხრეშეს. თუმცა, ეს მცდელობა მორიგი ამაოება გამოდგა. წყალმა ხრეშიც მალე წაიღო და ჩვენი იმედებიც გაიყოლა თან. ახლა ისევ ტალახს ვზელთ და წყალში ვცურავთ. არჩევნები, ამბობენ, 2024 წელს იქნებაო და იმედია, მაშინ ხელისუფალნი ერთჯერადად მაინც გაგვიხსენებენ, რა თქმა უნდა, თუ მივაღწიეთ მანამდე და ჭაობში არ ჩავიხრჩვით”, _ ამბობენ საფო მგელაძის ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც შეგუებულები კი არიან რეალობას, მაგრამ მაინც უკეთესის მოლოდინის იმედით ცხოვრობენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში გვითხრეს, რომ კარგად იციან ამ ქუჩის პრობლემის თაობაზე და მათგან სამომავლოდ სათანადო რეაგირების პირობაც მივიღეთ. თუმცა, საკითხავია, როდის მოიცლიან ამ ქუჩისთვის, როცა ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც არანაკლებ რთული მდგომარეობაა გზის საფართან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ რამდენად პრიორიტეტულია ამა თუ იმ ქუჩის რეაბილიტაცია. საფო მგელაძის ქუჩა კი, სამწუხაროდ, როგორც რეალობა აჩვენებს, ამ პრიორიტეტებში ნაკლებად ფიგურირებს. ამიტომაც, დაპირება საქმედ როდის იქცევა, ესაა საკითხავი.
ავტორი