საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას არ აუღია ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება.
„2 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების თანდასწრებით შეთანხმება გავაფორმეთ. ამ შეთანხმებით ავიღეთ ვალდებულება თითოეულმა მხარემ რომ 2020 წლის არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება.
სამწუხაროდ, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირების მიმართულებით. ნაციონალურმა მოძრაობა და მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს მისცეს დავალება პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული სამი პირი, რომელთა მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური წარსულის შესახებ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადების და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა”,_ განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოქრუაშვილის, უგულავას და რურუას საკითხი ოთხივე მოლაპარაკებების დროს გაჟღერდა და მათ მიიღეს მკაფიო პასუხი ქართული ოცნების მხრიდან, რომ ვერ გახდებოდა მათი გათავისუფლების საკითხი შეთანხმების საგანი.
პარლამენტის თავმჯდომარემ, საზოგადოებას შეახსენა, ისიც, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე, 3 დღით ადრე, რურუამ და უგულავამ გააკეთეს ერთნაირი შინაარსის განცხადებები, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის და მათ მადლობაც ოპოზიციის ლიდერებმა მადლობაც კი გადაუხადეს ამ გაცხადებებისთვის.